დავით თვალაბეიშვილი: ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, არაგვიჰესის დათვალიერებისას განაცხადა განაცხადა.

არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ადგილობრივ ფერმერებს საქონელი გადაჰყავთ.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს. ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და დაახლოებით 40-მდე ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

დავით თვალაბეიშვილი ჰესის საქმიანობას გაეცნო. ახალი სადგურის დადგმული სიმძლავრეა დაახლოებით 2 მგვტ, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ 8,8 მლნ ლარი შეადგინა. არაგვიჰესი 2 ერთ-ერთია იმ 11 ჰიდროსადგურიდან, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემას ბოლო 2 წლის მანძილზე შეემატა. მათი დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ-ია.

მინისტრის მოადგილე სადგურის პერსონალსაც გაესაუბრა. არაგვიჰესის ორივე სადგურზე 10 ადამიანია დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც არაგვიჰესის მშენებლობისას ინვესტორმა კომპანიამ სამანქანო გზა აღადგინა, ხეობა, რომელიც მანამდე გაუვალი იყო, მესაქონელობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გახდა.

სადგურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობამ ასევე ხელი შეუწყო ტურისტულ ბიზნესს. კერძოდ, ხეობაში საქმიანობენ კომპანიები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კვადროციკლების დაქირავებასა და პარალანებით ფრენას სთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები