ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, ჩვენ შევასრულეთ

„ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება კანდიდატების მხარდაჭერას, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს საკითხი კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ გადაწყდება.

„პროცესს უკვე მიეცა მნიშვნელოვანი შეფასება. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მას ისტორიული უწოდა. თქვა, რომ არასოდეს საქართველოს ისტორიაში ასე გამჭვირვალედ და გახსნილად პროცესი არ წარმართულა. შეიძლება მას ვუწოდოთ უპრეცედენტოდ ღია და გახსნილი. მასში მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური. უზრუნველყოფილია სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლობა. მათ აქვთ შესაძლებლობა პარლამენტის წევრების შეკითხვების შემდგომ, ასევე, კითხვით მიმართონ კანდიდატებს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ეფექტიანი, სანდო და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის განმტკიცება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – აცხადებს ოხანაშვილი.

კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებს შეფასებებისგან.

„ვინაიდან მაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა. ვარ სხდომის ნეიტრალური არბიტრი და ყველა მხარეს, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უნდა მივცე თანაბარი შესაძლებლობა, რაც ყველასთვის უზრუნველყოფილია. მე, ცხადია, მაქვს ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ვისაც უკვე გავესაუბრეთ და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვერ ვხედავ იმის რესურსს, რომ ოცი კანდიდატიდან ოცივეს დავუჭირო მხარი“, – მიიჩნევს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები