“ბოლო პერიოდში, თაფლის წარმოება 35%-ით გაიზარდა”- ლევან დავითაშვილი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თაფლის მწარმოელებთან შეხვედრა გამართა.  სამინისტროს ინფორმაციით, მრჩეველთა კომიტეტის სხდომა დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და იმ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო თაფლის სექტორის განვითარების მიზნით ახორციელებს.

კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თავმჯდომარე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ომბუდსმენის აპარატი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრები, კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლები და თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

“ბოლო პერიოდში, თაფლის წარმოება 35%-ით გაიზარდა. ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების კარგი პოტენციალი გვაქვს. გამოწვევაა ბევრი საკითხი, მათ შორის, უვნებლობის, ვეტერინარიის და შესაბამისი თანამედროვე ცოდნის მიმართულებებით. ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თაფლი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდება. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე სახეზეა. საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობთ. ევროპის ბაზრებზე ექსპორტის უფლებაც მივიღეთ. სამომავლოდ, აქტიური  ექსპორტის განხორციელების ამბიცია გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კავკასიის ალიანსების პროგრამების ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლების დასწრება მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი” და „კავკასიის ალიანსების პროგრამა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები