წიგნ „ჯემალ ჭკუასელის“ წარდგენა გაიმართება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ერისიონის“ დარბაზში, ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამართავს წიგნ „ჯემალ ჭკუასელის“ წარდგენას.
როგორც „კვირას“ ფონდ „ქართული გალობიდან“ აცნობეს, 2013 წელს ფონდმა ქართული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ჯემალ ჭკუასელს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა (ნომინაციაში – „ღვაწლმოსილი ლოტბარი“).
ფონდისავე ინიციატივით, პერიოდულად გამოიცემა მონოგრაფიები მის მიერ დაჯილდოებული ღვაწლმოსილი ლოტბარების შესახებ.
სერიის – „ქართული სიმღერის მოამაგენი“ – ფარგლებში უკვე მომზადდა მონოგრაფიები ტრისტან და გური სიხარულიძეების, ანდრო სიმაშვილის, პოლიკარპე ხუბულავას, როსტომ გოგოლაძისა და ისლამ ფილფანის მოღვაწეობის შესახებ. „ჯემალ ჭკუასელი“ ამ სერიით გამოცემული მეექვსე წიგნია.
მონოგრაფიის ავტორია ეთერ თათარაიძე. ნაშრომი, რომელიც ნაწილობრივ ასახავს ლოტბარ ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებას, შეიცავს მრავალფეროვან ტექსტობრივ და ვიზუალურ მასალას.
„მიძღვნით წერილებსა და ფოტოდოკუმენტებში იკვეთება შთამბეჭდავი პორტრეტი არაორდინარული ხელოვანისა, ღირსეულად რომ აგრძელებს წინამორბედთა შემოქმედებით გზას და ხელს უწყობს ახალი თაობების პროფესიულ დაოსტატებას.
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ქართველი ერის შემოქმედებითი შთაგონების უშრეტი წყაროა. სწორუპოვარ გუნდად „ერისიონის“ ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა ქორეოგრაფ რეზო ჭოხონელიძისა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის ნიჭიერებამ, პრინციპულობამ და მაქსიმალურმა მომთხოვნელობამ.
დიდი ხელოვანის პიროვნული ხიბლის საიდუმლო განუმეორებელ გურულ იუმორშიც იმალება, იუმორში, რის გარეშეც ერთობ მრუმე და აუტანელი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება“,- აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები