რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

0

რუმინეთის პარლამენტმა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადების სახელწოდებაა:“ რუმინეთის აღდგენისთვის, დენჩილეს მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადავაყენოთ!“.

ოპოზიცია მთავრობას სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მაღალ თანამდებობებზე მმართველი პარტიის ისეთი უუნარო წევრები დანიშნეს, “რომ მოხდა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ასევე ვერ მოხერხდა საჭირო რეფორმების გატარება“.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტს ნოემბერში აირჩევენ.

ამასთან, იქამდე ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს არ გამართავს და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის პრემიერ-მინისტრს არ დანიშნავს, ამჟამინდელი მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი მინისტრთა კაბინეტი დეპუტატების 233 ხმას მიიღებს, ის მთავრობაში საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. თუ პარლამენტი მთავრობას ორჯერ არ დაამტკიცებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი