გიორგი გახარია: ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას

რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ.
“მინდა, შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის ორი აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მაშინ, როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერების გათვალისწინების გარეშე ჩადის დანაშაულს, ჩვენ ბევრად უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი. რამეთუ, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე, ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები, მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე, მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დადასტურებულად იქნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, მიდგომა აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები