ლევან სურგულაძემ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის დეპუტატებს წარუდგინა

საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება, რომელზეც წლიური განაკვეთი 12 პროცენტამდე იქნება, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან სურგულაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარადგინისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ყველა პორტფელში მოიაზრება, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5-12 პროცენტის ფარგლებში”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა.
ლევან სურგულაძემ კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო სააგენტოს დაფუძნების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარებული სამუშაოები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ იქნა საპენსიო სააგენტოს დებულება, 5 წლის ვადით კი კონკურსის წესით შეირჩა საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კომიტეტის სხდომაზე ლევან სურგულაძემ დეპუტატებს თანმიმდევრულად გააცნო სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები: ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, საშტატო განრიგი, სააგენტოს ოფიციალური ატრიბუტიკის შექმნა. სააგენტოს მიერ შემუშავებული საპენსიო შენატანების მიღებისა და ადმინისტრირების მოდელი, მეთოდოლოგია, პროცედურები და ტექნიკური გადაწყვეტის პროექტი.
“საპენსიო სააგენტომ შეიმუშავა ინსტრუქცია დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულების, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; მონაწილეთა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების გახსნის, მართვისა და ოპერირების წესები და პირობები და სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების წესი. საპენსიო სააგენტოში შეიქმნა ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა. 31 დეკემბერს საპენსიო სააგენტო მზად იყო 1 იანვრიდან ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციისთვის. საპენსიო სააგენტომ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ 10 კომერციულ ბანკში გახსნა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და გააფორმა შესაბამისი, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები. აიწყო ელექტრონული კავშირი სამოქალაქო რეესტრსა და სახელმწიფო ხაზინასთან. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტმა ჩაატარა შეხვედრები არასამთავრობო, სამთავრობო, მედიის, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი აზრის ლიდერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამოქმედდა საპენსიო სააგენტოს ოფიციალური და ფეისბუქ-გვერდები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა ინფორმაციულ ანიმაციური რგოლი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო საააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა დონორ ორგანიზაციებტან მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან” – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის, ერნსტ&იანგის საქართველოს მიერ საპენსიო სააგენტოს შესახებ მომზადებული დასკვნა არის შემდეგი: ,,წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს „სააგენტოს“ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახრსების მოძრაობას ამავე თარიღით დასრულებული პერიოდისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“) შესაბამისად.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები