“ხალხი არის ხელისუფლების წყარო და მათთან დიალოგი გასაჭირსა თუ მიღწევებზე აუცილებელია“

ღია შეხვედრები ლენტეხში უამინდობის მიუხედავად კვლავ განახლდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაბილში, ყარიშში, ლექსურასა და გულიდაში  მცხოვრებ მოსახლეობას პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე,მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი,ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

 შეხვედრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ აქაურებს ძალიან აწუხებთ შიდასასოფლო გზების გაუმართაობა, ელექტროენერგიის დაბალვოლტიანი მიწოდება და ხშირად 2 და 3 დღიანი უშუქობა, ზამთრისთვის სათბობი მასალის-ხის მოჭრის ბიუროკრატიული მექანიზმები და ლენტეხში მდებარე საავადმყოფოს ფუნქციონირების თემა.

გულადი ლიპარტელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილში ცხოვრობს და ფოლკლორულ ანსამბლს ხელმძღვანელობს, შვილმა მართალია ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და მაგისტრატურაც,მაგრამ დაუსაქმებლობის გამო ლენტეხიდან წავიდა, გულადი ასაკის გამო არსად წასვლას არ აპირებს და უნდა მისი მუნიციპალიტეტი ხალხისგან არ დაიცალოს, „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას გულისტკივილით აღნიშნავს, რომ “ლენტეხიდან გარბის ახალგაზრდობა, ტოტალური დაუსაქმებლობაა, ჩემი შვილიც იმიტომ წავიდა სვანეთიდან, ვერ იპოვა სამსახური, იცლება მთა,ხალხი ხელისუფლების წყაროა და ამიტომ შეხვედრები ხალხთან რაც უფრო ხშირი იქნება,მით უკეთესი,მგონი დაგვიანებულიცაა.ამ შეხვედრის იმედი გინდა გითხრათ გულწრფელად? მაქვს,მაგრამ მგონი სათუოა.“

მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს თავმჯდომარემ, გიორგი მაქარაშვილმა ოთხი სოფლის მაცხოვრებლებს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო  და არასამთავრობო სექტორი გეგმავს ტურიზმისა და საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მან ასევე ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

“ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხდება მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების ინდეტიფიცირება,აქ ძირითადად სატყეო მიმართულების, ელექტროენერგიის ხაზების გაუმართაობის, შიდასასოფლო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის და რაიონული საავადმყოფოს დატვირთვის პრობლემები დგას,შესაბამისად ჩვენ არა მარტო ინდეტიფიცირებას ვახდენთ, არამედ ვგეგმავთ მათი გადაჭრის გზებს“- განაცხადა მაქარაშვილმა.

შეხვედრები ლენტეხში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები