პუტინმა ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ვითარების გაანალიზება ურჩია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგასთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის მსვლელობისას პუტინმა ერდოღანს ურჩია სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ვითარება კარგად აწონ-დაწონოს.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა.

“გაგრძელდა აზრთა გაცვლა სირიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა თურქ პარტნიორებს კარგად აწონონ შექმნილი ვითარება, რომ სირიის კრიზისის დარეგულირებას ზიანი არ მიადგეს”,-ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, სირიის ჩრდილოეთით ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას “მშვიდობის წყარო” ჰქვია.

ერდოღანის თქმით, ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება, სტაბილურობა და უსაფრთხო ზონის შექმნაა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია “მშვიდობის წყარო” ქვეყანას ტერორისტულ საფრთხეებს აარიდებს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თურქულმა არმიამ ქალაქ რას-ელ-აინზე საჰაერო დარტყმები მიიტანა.

ამასთან, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში განაცხადეს, რომ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ჯარის გაყვანა დაიწყეს. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ საუბარია ჯარის ნაწილის გაყვანაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები