შალვა თადუმაძე: წელიწად-ნახევრის მუშაობის პერიოდში, ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა

წელიწად-ნახევრის მუშაობის პერიოდში არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით საუბრობენ ჩემს დიპლომზე და ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 25 წლის წინანდელ ამბებზე საუბრობენ და ვერავინ იხსენებს, რომ თავად თადუმაძემ ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა ბრალის წარდგენა, ან ვიღაც გაათავისუფლა იმიტომ, რომ მას ვინმე გაურიგდა.

“ძალიან დიდი და იმაზე მეტი შეურაცხყოფა ავიტანე, რაც, ზოგადად, ამ ფორმატებში მსოფლიოში უნდა არსებობდეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. ერთი რაღაც მხიბლავს ამ ამბიდან, გენერალურ პროკურორად წელიწად-ნახევრის მუშაობის განმავლობაში გენერალურ პროკურორს ესაუბრებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერავინ, ვერცერთი პოლიტიკური ფიგურა, ვერ იგონებს ამბავს, სადაც გენერალურმა პროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა ბრალის წარდგენა ან ვიღაცა გაათავისუფლა იმიტომ, რომ მას გაურიგდა ვინმე გარედან“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, დღევანდელ საპარლამენტო მოსმენაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის საქმიანობას უკანონობად შეაფასებს.

“მე ძალიან მომწონს ეს პროცესი, არ არსებობს დარბაზში ადამიანი, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნას, ან კანონიერებას ვეფარებოდი და ვამბობდი, რომ კანონში ასე წერია და ამიტომ ვაკეთებ. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე გენერალურ პროკურატურაში ვარ პასუხისმგებელი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, ვმონაწილეობდი თუ არა ამ საქმეში ისეთი აქტიურობით, როგორც ვმონაწილეობდი სხვა საქმეებში“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, იგი პასუხისმგებელია თავის ყველა გადაწყვეტილებაზე.

“მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დღეს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კანონის უზენაესობის პრინციპს გადაუხვია. შეიძლება არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე ჩემთვის, როდესაც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებს ვიღებ უკომპრომისოდ. მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემ უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ. იგივენაირად ვაპირებ, გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები