„დღეს საქართველოს უდიდესი დღეა რუმინეთში“…

ბუქარესტის ცენტრში, რუმინეთის ბოლო მეფის სასახლეში, რუმინეთის ეროვნული მუზეუმის მთავარ დარბაზში, ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა გამოიფინა. 9 ოქტომბრის ამ მოვლენამდე ცოტა ადრე ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია.
„9 ოქტომბერი დიდი დღეა საქართველოსათვის. რაც ხვალ ბუქარესტში მოხდება, ეს უპრეცედენტოა. დღემდე ასეთი რამ ძველნაბეჭდი ქართული წიგნის დაფასების მხრივ არ მომხდარა.
ხვალ ბუქარესტის ცენტრში, რუმინეთის ბოლო მეფის სასახლეში, დღეს რუმინეთის ეროვნული მუზეუმის მთავარ დარბაზში ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა გამოიფინება და გამოიფინება ანთიმოზის, ამ სტამბის ჩუმი დამფუძნებლის ქალაქში. ყველა ეს გამოცემა საქართველოდან ჩავიტანეთ.
ჩავიტანეთ ეროვნული ბიბლიოთეკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები. მათ დაემატა რუმინეთში დაცული ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი გამოცემები. ისინი ერთ საგამოფენო სივრცეშია განთავსებული.
რუმინეთში საქართველოს საელჩოს მიერ დამზადებული საგამოფენო სტენდები და საელჩოს მიერვე შეგროვებული „ვეფხისტყაოსნის“ რუმინული გამოცემები ამ გამოფენას ერთ საერთო ფონს აძლევს: საქართველო და რუმინეთი, ვახტანგ მეექვსე და ანთიმოზ ივერიელი, უნგროვლახელი მესტამბე და ქართველი მისი მოსწავლე მბეჭდავნი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, თსუ-ს წიგნთსაცავი და რუმინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა. რუმინეთის მეფე კაროლი და მისი შვილი, რუმინეთის უკანასკნელი მეფე მიჰაი, რომელიც ისევ ქართველმა ჯერ უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა, შემდეგ ემიგრაციაში გაუშვა…
დღეს ყველანი ერთ დარბაზში გაერთიანდებიან. დღეს საქართველოს უდიდესი დღეა რუმინეთში. ერთი ზღვის ორი მეზობელი რუმინეთის მეფის ამ ულამაზეს სასახლეში ერთიანდება.
ჩვენ ორივე ქვეყანას ორი ერთნაირი ტკივილი გვაქვს: ერთს ბესარაბია, .მეორეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ ქვეყნების ორი უდიდესი ადამიანი, რომლებიც თავის დროზე დღევანდელ ოკუპანტს ერთგულობდა, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მაინც გამარჯვებულნი: მათმა თავდადებამ თავისუფლებისათვის შედეგი გამოიღო. ორივე ქვეყნის უდიდეს ნაწილზე თავისუფლად იბეჭდება მშობლიურ ენაზე . ანთიმოზის გამოგზავნილი სტამბის საფუძველზე უკვე კომპიუტერული ტექნოლოგიით გამართული სტამბებია. ეს დღე არის შედეგი ჩვენი უძვირფასესი და გამორჩეული ელჩისა რუმინეთში, ბატონი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და მისი მოტივირებული გუნდისა,მეც გამოფენის გაწყობისას ერთი საიდუმლო გავხსენი ვახტანგის სტამბისა. ჩამოვალ, გადავამოწმებ, რომ გალაკტიონის ამბავივით არ შევრცხვე. მზე ამოდის აქ, საქართველოდან ისიც ამ გამოფენის სანახავად ნაადრევად წამოსული“, -წერს ლევან თაქთაქიშვილი. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები