საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრებს შეხვდა. დელეგაციამ, რომელსაც ტექნიკური დახმარების სფეროში სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს, საქართველოში ორკვირიანი მისია დაასრულა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები