“მუნიციპალურმა ინსპექციამ გაარკვიოს, არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ”

ქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაარკვიოს, არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

“მინდა, ერთ სენსიტიურ თემაზე გავამახვილო ყურადღება. ეს საკითხი ეხება თბილისის ზღვაში სავარაუდოდ დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, შესაბამის სამსახურებთან ერთად, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება მუდმივად კონტროლდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სინჯებს მუდმივად იღებს და ლაბორატორიულად მოწმდება, ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს.

მისივე თქმით, დღეს უკვე მოხდა ერთი ფაქტის გამოვლენა, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას და რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.

“ჩვენ გვაქვს ფაქტები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების უკანონო დაერთებებთან მიმართებით, რაც თვალხილული არ არის და დასადგენად საკმაოდ რთულია. სწორედ აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა, თუმცა უკვე დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები და თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა პრაქტიკულად გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე მოხდა ერთი ფაქტის გამოვლენა, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას. რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, ფაქტობრივი დარღვევა აღმოიფხვრება, ხოლო სამართლებრივი წარმოება დაიწყება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს კანონს“, – აღნიშნა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები