შალვა თადუმაძე: ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია

ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე აღმოვჩნდი მთავარი პროკურორი და ის კონტექსტი, რაც არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო კონკრეტულ დაზარალებულ პირთან პროკურატურის სწორი კომუნიკაცია და ამ კრიზისული სიტუაციის გადალახვა და შემიძლია დღეს ვთქვა, რომ პროკურატურის სისტემაში ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძემ ისაუბრა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც უშუალოდ მისი გადაწყვეტილებით კვალიფიკაცია შეეცვალა.

“არ დამავიწყდება შემთხვევა, როდესაც ბრალდებული, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლით ედებოდა ბრალი, მტკიცებულებებით გამოიკვეთა და იურიდიული შეფასება დაჭირდა ამას, და ბუნებრივია, მე ჩართული ვიყავი ამ მძიმე დანაშაულის გამოძიებისა და კვალიფიკაციის ნაწილში. პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემის ამ ქმედებაზე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რომელიც მაშინ ბრალდებულმა თქვა, რომ ადვოკატის კონსულტაციის შემდეგ იყო ასეთი პოზიცია, რომ ჯობს, არ აღიარო, გაგიყვან და ბრალდებულმა თქვა, რომ არა, პროკურატურა მე მდებს ბრალს იმაში, რაც ჩავიდინე და მე ეს დანაშაული უნდა ვაღიარო“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც იგი საპროკურორო საბჭოს და პარლამენტის წინაშე წარდგა, განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება პასუხისგებაში მიცემული.

“ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე შევძელი ეს გადაწყვეტილება მიმეღო და იმ დანაპირების ერთი კომპონენტი შემესრულებინა, რომელიც გავაკეთე, იმიტომ, რომ ასეთი პრაქტიკა, როგორც წესი, საქართველოს პროკურატურაში არ იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი კვალიფიკაციები გამოეყენებიათ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებრივი რესურსი არსებობდა“, – განაცხადა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები