თუ თქვენი მანქანა შავად ბოლავს, ქუჩაში გაგაჩერებენ და დაგაჯარიმებენ – გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

ავტომანქანების გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ, რათა დადგინდეს სცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში CO- ს ს შემცველობა.
„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დეპარტამენტის ინიციატივა, ეს შსს-ს ინიციატივაცაა. ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. გეთანხმებით, არის შემთხვევები, როდესაც მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს, ყველანაირი პროცედურა სწორადაა გაკეთებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაბოლქვი და გარემო დაგვიბინძურდეს.
მოგეხსენებათ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოკვლევა, ამ პროცესში ერთერთ რეკომენდაციად გამოიკვეთა ის საკითხი, რომ ტექდათვალიერებასთან ერთად, უნდა მოხდეს ექსპლუატაციის პროცესში, გზებზე ავტომანქანების შემოწმება.
რაც შეეხება თავად ინიციატივას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაჩნდეს საკანონმდებლო სივრცეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი, სწორად ფორმულირებული სანქცია. სანქცია უნდა იყოს შემაკავებელი. მძღოლს არ უნდა უღირდეს მეორედ ამ სამართალდარღვევის ჩადენა.
როგორ მოხდება ამ პროცესის ინსპექტირება – აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივად განახორციელებენ პატრულირებას. ჯერჯერობით საპილოტე პროექტი გახლავთ თბილისის მასშტაბით და შემდგომ გადავინაცვლებთ მთელ საქართველოში. მოხდება პატრულირება და ამ პროცესში ვიზუალური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინსტრუმენტული გაზომვების ჩატარება. არსებობს სპეციალური პორტატული ხელსაწყო, რომელიც CO -ს შემცველობას გაზომავს. იმ შემთხვევაში თუ ნორმების გადამეტება იქნება, ახალი სანქცია იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმება მოხდეს.
დაწყებული გვაქვს მოკვლევა იმ აპარატურის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ადეკვატური და გამოყენებული ამ პროცესში“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები