შალვა თადუმაძე: სადაც წარდგენილი მაქვს დიპლომი, ყველგან მითითებულია, რომ სასწავლო პერიოდი 1993-1998 წლებში ექსტერნატის ფორმით დავამთავრე

სადაც წარდგენილი მაქვს დიპლომი, ყველგან მითითებულია, რომ სასწავლო პერიოდი 1993-1998 წლებში ექსტერნატის ფორმით დავამთავრე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სასწავლებელი სამეწარმეო საქმიანობით ოპერირებდა იმ სახელწოდებით, რაც დიპლომში წერია.

“ის იურიდიული სასწავლებელი, რომელიც წერია ჩემს დიპლომში სამეწარმეო სახელწოდებად არსებობდა რეგისტრირებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტისთვის. სამეწარმეო საქმიანობად ოპერირებდა ამ სახელწოდებით. მე შემიძლია, სხვა ადამიანები მიგითითოთ, მათ შორის საჯარო სივრცეში მათი ავტობიოგრაფიები, სადაც ფიქსირდება, რომ იგივე პერიოდში აქვთ მიღებული იგივე დაწესებულების დიპლომი“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

თადუმაძის თქმით, ის დაასახელებს, სად აქვს წარდგენილი ეს დიპლომი იგივე ჩანაწერებით.

“გამომდინარე იქიდან და არაორდინარულია და მესმის, რომ ეჭვის საფუძველი შეიძლება არსებობდეს… იმ შემთხვევაში, როდესაც არ წარვადგენ ხოლმე დიპლომს, ყოველთვის ვუთითებ ფაქტობრივ მოცემულობას, იმიტომ, რომ ამ გამოკლების პრინციპით – 93-ში როგორ ჩააბარებდი, თუ 94-ში სკოლა დაამთავრე, ამიტომ მიუთითებ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ 94-ში ჩავაბარე და 99-ში დავამთავრე, მაგრამ სადაც (და ძალიან ბევრგან მაქვს წარდგენილი ეს დიპლომი ამ ჩანაწერებით) წარდგენილი მაქვს დიპლომი, ყველგან მითითებული მაქვს, რომ ჩემი სასწავლო პერიოდი 93-98 წლებში ექსტერნატის ფორმით დავამთავრე“. – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში, პარლამენტში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.

შალვა თადუმაძე იმ კითხვებს პასუხობს, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც იკვეთება- დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. მათი შეფასებით, აუცილებელია შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მთავარი პროკურორის დიპლომი შეისწავლონ და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები