ნინო გოგუაძე: ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი განსაკუთრებით მწვავე იქნება

ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი განსაკუთრებით მწვავე იქნება და ქართული მხარის პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, -ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნა, რომ განხილვები შეეხება როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არსებულ დღის წესრიგს, ისე ბოლო პერიოდში არსებულ გართულებულ მდგომარეობასაც.

„ჟენევის განხილვები ამ რაუნდისთვის იქნება განსაკუთრებით მწვავე და ქართულ მხარეს, ბუნებრივია, გარდა იმ წესრიგისა, რაც ყოველთვის არის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ექნება დამატებითი საკითხებიც. ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ იმ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც ყოველთვის განიხილება ჟენევის ფორმატში, არამედ იმ გართულებულ მდგომარეობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხოლმე ხელს ამ ადგილებში დესტაბილიზაციის შექმნას, ადამიანის უფლებების დარღვევას, უკანონო დაპატიმრებებს, დაკავებებს. ყველა ეს საკითხი, ბუნებრივია, იქნება განხილვის თემა ქართული მხარის მხრიდან.

განსაკუთრებულ მოლოდინს ბუნებრივია, არ შევიქმნით, მაგრამ ქართული მხარის პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ გართულებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტისპირა სოფლებში, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა“, – განაცხადა გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები