ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე მთავარი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განვითარებული მოვლენები იქნება

ჟენევაში მთავარი თემაა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება და ის მოვლენებიც იქნება, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ განუცხადა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი ამ რაუნდისთვისაც საკმაოდ მოცულობითი და რთულია.

„ჟენევაში მთავარი თემაა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. ასევე, იქნება ის მოვლენებიც, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის, დაკავების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომელთა გამოც, მნიშვნელოვნად დაძაბული ფონია დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იქნება ის მთავარი საკითხები, რის გარშემოც იქნება ხვალ მსჯელობა,“ – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

გარდა ამისა, ის ვარაუდობს რომ შესაძლოა, რუსეთის დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა მოლაპარაკებებში ახალი დინამიკა შემოიტანოს.

„ამაზე უფრო ადვილი შეხვედრის შემდგომ იქნება საუბარი. დღის წესრიგში საკმოდ რთული საკითხები დგას. რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შესაძლოა არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

როგორც ცნობილია, ფორმატის შექმნის დღიდან ამ დრომდე რუსეთის სახელით ჟენევის მოლაპარაკებებში გრიგორი კარასინი იყო ჩართული, რომლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჟენევაში პირველად ჩავა სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები