“ჯორჯიან ეარვეისი” რუსეთისგან 25 მლნ დოლარს მოითხოვს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ევროსასამართლოში 25 მილიონი დოლარის მოთხოვნას გეგმავს. სარჩელი ფრენების დაუსაბუთებელ შეწყვეტას უკავშირდება.

ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.

„აკრძალვის ფორმალური მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეტენზიაა, თითქოს„ჯორჯიან ეარვეისს“ აქვს რუსეთის ნავიგაციის წინაშე დავალიანება 800 ათასი დოლარის ოდენობით, ასევე, თითქოს სამინისტროს არ აკმაყოფილებს კომპანიის საავიაციო უშიშროების პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ„ჯორჯიან ეარვეისს“ არც ერთი ცენტის დავალიანება არა აქვს ნავიგაციის წინაშე – იმის მიუხედავად, რომ რუსულ ავიაკომპანიებზე სამჯერ მეტ გადასახადს ვიხდით. ეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებსაც ეწინააღმდეგება. რაც შეეხება საავიაციო უშიშროებას, კომპანია„ჯორჯიან ეარვეისი“ ბაზარზე უკვე 27 წელია და არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია პრობლემა. ავიაკომპანია ახორციელებს რეგულარულ ფრენებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და არის IATA-ს წევრი“, – აცხადებს ბოკერია.

„ჯორჯიან ეარვეისში” იმასაც მიუთითებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის 21 ივნისის განკარგულებაში საუბარია ფრენების აკრძალვაზე მხოლოდ რუსული ავიაკომპანიებისთვის.

„შესაბამისად, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მოქმედებები„ჯორჯიან ეარვეისისთვის“ ფრენების აკრძალვის თაობაზე უკანონოა. შედეგად, კომპანიამ დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ასევე, დაირღვა ჩვენი მგზავრების უფლებები“, – აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები