კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ
4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის სახელით, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის ახლად აშენებული ქართული საშუალო სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქარი.
ჰუმანიტარული აქციის განხორციელების მიზნით, კახის რაიონს ეწვივნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, საელჩოსა და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, აგრეთვე რეგიონში იმყოფება საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადამღები ჯგუფი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის საჩუქარი გადაეცა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები (პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით), დასაჩუქრდნენ სასკოლო ჩანთებითა და საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი ნაკრებით, ხოლო მეოთხედან მეთერთმეტე კლასების ჩათვლით, მოსწავლეებს გადაეცათ სპორტული ტანსაცმლის კომპლექტი. ასევე სკოლას საჩუქრად გადაეცა რუკები, გლობუსები, ქართველი კლასიკოსი მწერლების პორტრეტები, ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სახის სასწავლო თვალსაჩინოებები.
ელჩმა ზურაბ პატარაძემ ქართული სკოლის დირექციას საჩუქრად გადასცა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“. სკოლაში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე.
ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული აქციის მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.