„ადამიანის მისტერია“ – გიორგი აფციაურის გამოფენა გაიხსნა
გიორგი აფციაურის გამოფენაზე წერს ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი. მხატვრის ნამუშევრები „აბრეშუმის გალერეაში“ დღეს გამოიფინა.
„აბრეშუმის გალერეა“ 3-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოგიდგენთ გიორგი აფციაურის გამოფენას – „ადამიანის მისტერია“. ესაა ხელოვნის პრიზმაში გარდატეხილი, კაცობრიობრიობის განვითარების ცალკეული სურათები – მხატვარი ცალკეულ მოვლენებს უღრმავდებოდა, საკუთარ განცდაში გამოატარებდა და ტილოზე გადაჰქონდა.
ნახატები თავდაპირველად სერიის სახით ჩაფიქრებული, არც იყო. შემდეგ, რომელიღაც მომენტში, მხატვრისთვისაც მოულოდნელად, ნამუშევრები ერთ დიდ სერიად თავისთავად დალაგდნენ. ამის შემდეგ მხატვარმა სერიის შევსება უკვე ცნობიერად გააგრძელა.
ზოგიერთი ნამუშევარი თავის თავში მოცემულ შინაარს მოიცავს; მაგალითად, ასეთია „ადამიანის მისტერია“ – ცენტრში ადამიანია წარმოდგენილი, ჰორიზონტი დროის მდინარებაა (მარცხნიდან მარჯვნივ), ვარსკვლავები მაკროკოსმოსია, ხოლო მათ მიღმა ნარინჯისფერით კი სულიერი სამყაროა წარმოდგენილი.
უმჯობესია გამოფენა დაათვალიეროთ პირველი დარბაზის მარცხენა მხრიდან, სადაც შორეული წარსულია წარმოდგენილი, შემდეგ კი გოლგოთის მისტერიაა, როგორც კაცობრიობის განვითარების ცენტრალური პუნქტი.
მეორე დარბაზში თანდათან აწმყოსკენ ვინაცვლებთ, სადაც თანამედროვე სამყაროს წარმოჩენის მცდელობაა. ბოლოს კი აპოკალიფსური სურათებით მომავალია წარმოდგენილი.
ორივე დარბაზში ტილოზე ზეთით შესრულებული 50 ნახატია.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სერიის ყველა ნამუშევარი მნახველის სამსჯავროზე გამოტანილი არ არის – ადრინდელ გამოფენებზე უკვე წარდგენილ ზოგიერთ ნახატებსა და აგრეთვე ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებს „აბრეშუმის გალერეაში“ ვერ ნახავთ“, – წერს ნინო მიქიაშვილი.