„პუანტილისტური გარემო“ – რეზო მირიანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, რეზო მირიანაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა – „პუანტილისტური გარემო” გაიხსნება.
„ხელოვნება აქტუალური სინამდვილის ანარეკლია, ამიტომაც დღევანდელი სამეცნიერო-ტექნოლოგიური სიახლეები, ნანოტექნოლოგიები თუ პიქსელებად დაშლილი თუ პიქსელებში გაცხადებული სამყარო სხვა არაფერია თუ არა პუანტილიზმის პრინციპით შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, სადაც ნაწილი მთელის განუყოფელია და მთელი – კიდევ უფრო დიდი სამყაროს ნაწილი. სწორედ ამ მოვლენების ასოციაციას აღგვიძრავს რეზო მირიანაშვილის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში იქმნებოდა – ეს საქართველოში პუანტილისტური ტექნიკით შესრულებული პირველი ნამუშევრებია, ერთგვარი პიქსელური ხელოვნება.
მხატვრის ნამუშევრები, რომლებშიც ხშირად იგრძნობა ირონია თუ თვითირონია, საქართველოში მომხდარი ისტორიული მოვლენების შესახებ რეფლექსია და თავისებური ინტერპრეტაციაა, სადაც ალბათ ყოველთვის სიმბოლური დანიშნულებით ჩნდება გემი, უზურპატორი გველეშაპის არქეტიპი, ქართველი თავადების გამოსახულებები თუ ქართული დროშა და ზოგჯერ ავტოპორტრეტიც“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
გამოფენა 11 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები