რომან გოცირიძე ტაქსების რეფორმას აკრიტიკებს – მერია და მთავრობა უგუნური და არაჰუმანური ადამიანებითაა სავსე
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით აკრიტიკებს, მერიის თანამშრომლებს კი უგუნურებსა და არაჰუმანურებს უწოდებს.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ამიტომ ევროპული გამოცდილება ამ საკითხში არ გამოადგება. მისი შეფასებით, რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს მიღებული რეფორმა შეუქმნის დისკომფორტს და მნიშვნელოვნად გაუძვირებს მომსახურებას.
რომან გოცირიძე ასევე ტაქსების ,,გათეთრებაზე” კორუფციულ ინტერესებსაც აღნიშნავს.
,,ფერიცვალება!😡
ტაქსების თეთრად გადაღებვის ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ ევროპაშიც ასეაო. სხვა მხრივ, გადაღებილი ავტომობილი არ ხდება არც უფრო უსაფრთხო და არც უფრო კომფორტული.
,,ევროპაში ასეა” სულაც არ ნიშნავს რომ კარგია. ტაქსი იქ ყველაზე ძვირია სწორედ გართულებული რეგულაციებისა და კონკურენციის შეზღუდვის გამო.
საქართველოში ტაქსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფია. არ არსებობს არსად ერთევროიანი (სამლარიანი) ტაქსი. ასეთი ვითარება აწყობდათ ტაქსის მძღოლებსაც და მომხმარებლებსაც. ვისაც ძვირი, სუფთა და ჰალსტუხიანმძღოლიანი ტაქსი უნდოდა, არც ამის ნაკლებობა იყო ბაზარზე.
უგუნურ მერიას უნდა ერთ დღეში ეს მოშალოს, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დატოვოს ულუკმაპუროდ და რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი და მნიშვნელოვნად გაუძვიროს მომსახურება.
საქართველო ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი ღარიბია და 30 პროცენტამდე ღატაკი. ერთ სულზე მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ვართ მსოფლიოში 109 ადგილზე, სამოას, იორდანიას, სვაზილენდის, ალჟირის, ტუვალუს, შრი-ლანკის, სომხეთის, მონღოლეთის და ბევრი ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების გვერდით, რომლის სახელიც შეიძლება არც გვსმენია. ტონგა მაგალითად. საიდან უნდა გვცოდნოდა, რაგბის რომ არ თამაშობდნენ კარგად.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, გერმანიას ვბაძავთ სტანდარტებში? ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის ნახევარი როცა ამბობს, რომ მისი შემოსავალი 500 ლარამდეა თვეში, ეს არის კატასტროფა. ამიტომაც იცლება ქვეყანა.
ტაქსების ,,გათეთრებას” ასევე კორუფციული ინტერესებიც აქვს და ამაზე გუშინაც ვილაპარაკე პარლამენტში.
თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა უგუნური და არაჰუმანური ადამიანებითაა სავსე. თვითონ რა ენაღვლებათ, კარგად კი ხრავენ ხალხის ფულით სიმწრით ნაგროვებ ბიუჯეტს”,- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეფორმის თანახმად, თბილისში ყველა ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსის მანქანა თეთრი ფერის და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსს მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებებზე იმუშაოს.