ნიკოლოზ ლალიაშვილი: გასულ კვირას ზალკალიანსა და ლავროვს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა

“გასულ კვირას ზალკალიანსა და ლავროვს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. ამ ნაბიჯს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მიესალმნენ, მაგრამ “ნაცების” 9-წლიან მმართველობაში ფორმირებულმა ფეიკ-პატრიოტებმა, ყალბმა ლიბერალურმა მედიამ და ვითომ მედასავლეთე ექსპერტებმა, შეგნებულად არ შეაჩერეს ყურადღება შეხვედრის შინაარსზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

“ყველას აინტერესებს, ვინ მოითხოვა ეს შეხვედრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას თვალში პასტა რატომ არ გაურჭო ან ღმერთმა დაიფაროს და შემთხვევთ რუსულ ენაზე ხომ არ ელაპარაკებოდა ის ლავროვს? აი ამ სისულელეებზე ახდენენ ფოკუსირებას, მაგრამ პრაგმატული ქართველი ხალხი, ვის ინტერესშიც შედიოდა ეს შეხვედრა, იმედი მაქვს, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, – აცხადებს ნიკოლოზ ლალიაშვილი.

ანალიტიკოსი 1955 წლის გერმანიას იხსენებს, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ადენაუერმა მოსკოვში ჩასვლა გადაწყვიტა, რაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა გერმანული ოპოზიციისთვის, მედიისთვის, ნაცისტების 12-წლიანი რეჟიმით გაბრუებული “პატრიოტებისთვის“ და რაც მთავარია, დასავლელი პარტნიორებისთვის.

“1955 წელს, როდესაც სულ რაღაც 10 წლის გახლეჩილი და ოკუპირებული იყო გერმანია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, კონრად ადენაუერმა გადაწყვიტა მოსკოვში ჩასვლა. კრემლში ვიზიტის იდეა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა გერმანული ოპოზიციისთვის, მედიისთვის, ნაცისტების 12-წლიანი რეჟიმით გაბრუებული პატრიოტებისთვის და რაც მთავარია დასავლელი პარტნიორებისთვის. მთელ გერმანიაში დაიწყო აქციები სლოგანით: “არა მოლაპარაკებებს მტერთან!“. ადენაუერი დიდხანს ორჭოფობდა. ერთადერთი მხარე, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მის მოსკოვში წასვლას იყო გერმანული ბიზნესი. ეს იყო სამი უდიდესი კონცერნი, კრუპი, მანესმანი და სიმენსი. ადენაუერმა აირჩია სარისკო ტაქტიკა: მან არ დაუჯერა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. სამაგიეროდ, დაუჯერა ბიზნესს და დაიწყო მოლაპარაკებები კრემლთან. შედეგად, გერმანიის სამთო-მომპოვებელმა, ფოლად ჩამომსხმელმა და მანქანათმშენებელმა კომპანიებმა მიიღეს უმსხვილესი შეკვეთები საბჭოთა ქარხნებიდან. ერთ წელიწადში გერმანია გავიდა მსოფლიოში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირში ექსპორტის მიხედვით და 2 მილიონი გერმანელი ტყვე დაბრუნდა სამშობლოში. ასე დგებოდა გერმანიის ეკონომიკა ფეხზე. პრაგმატულმა გერმანელმა ხალხმა ამ პერიოდს დაარქვა “ადენაუერის ეპოქა” ან, მეორენაირად – „გერმანული სასწაული“,- განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები