სოზარ სუბარი: 2020 იქნება წელი, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ დაადასტურებს თავის ნებას და „ქართული ოცნება” გააგრძელებს დაპირებების შესრულებას
„2020 იქნება წელი, როდესაც ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ დაადასტურებს თავის ნებას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა TV „იმედის” თოქშოუ „პირისპირში” განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” არაერთი არჩევნები მოიგო დამაჯერებლად – ყოველგვარი ძალადობის, გაყალბების, ადმინისტრაციული რესურსისა და ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვინ ზრუნავს ქვეყნის გადარჩენაზე.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ გამოწვევას, სოზარ სუბარის თქმით, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც „ქართულ ოცნებას” დახვდა.
„როდესაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ეს არის ისევ და ისევ ოკუპაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, ის ტვირთი, ის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა ჩვენ. ყველას გვაქვს ამის წინაშე პასუხისმგებლობა, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ჩვენ ერთად გამოვიარეთ 90-იანი წლები, ერთად დავუშვით შეცდომები და ახლა დადგა ამ შეცდომების გამოსწორების დრო. ამის გზა გადის ერთადერთზე – სიმშვიდე, სტაბილური განვითარება, ურყევი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში – ევროკავშირში, ნატოში და განათლება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.