„თავისუფლების ქარხნის“ იდეის პრეზენტაცია გაიმართება
3 ოქტომბერს, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს „თავისუფლების ქარხნის“ იდეის პრეზენტაციას.
„19:00 საათიდან გელოდებით – თქვენ, ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანს, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია თავისუფლებისთვის ბრძოლა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და შემოქმედებითი თავისუფლება!
თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე, იქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფლების ქარხანა“ “Freedom Factory” – ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო, თავგადასავლების, სწავლის, დასვენების, გამოგონებების და კულტურის მოყვარული ადამიანებისთვის.
ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც უკვე წარმატებულად ფუნქციონირებს Food & Beverage Space და თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის საყვარელ ადგილად იქცა, დადგა დრო, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი მახასიათებლებითა და შინარსით შევავსოთ.
ჩვენ “Freedom Factory”-ის ფარგლებში გვსურს ჩამოვაყალიბოთ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების მეშვეობით, ახალი, კრეატიული ადამიანების მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში.
თანამშრომლობისთვის ვიწვევთ უკლებლივ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს საინტერესო იდეები, პროექტები, ნამუშევრები თუ გამოგონებები, ყველას, ვისაც თავისუფალ გარემოში საკუთარი თავის რეალიზაცია სურს, ყველას, ვისაც თავისუფლების შენებაში მისი “ერთი აგურის” დადება უნდა!
იდეის პრეზენტაციაზე გახმოვანდება მრავალი ინიციატივა, რომელიც თბილისელებს, ქალაქის სტუმრებს და თანამოქალაქეებს მთელი ქვეყნიდან ახალ, მათ შორის საერთაშორისო საინტერესო შესაძლებლობებს გაუჩენს.
მოდი! შემოგვიერთდი! გაიგე “თავისუფლების ქარხნის” ამბავი პირველმა!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.