გივი თარგამაძის ოჯახმა ბიზნესსაქმიანობიდან 85 მილიონი შემოსავალი მიიღო

ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტების“ თავმჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ფინანსურ ინტერესებზე მონიტორინგი ჩაატარა, კვლევის შედეგებს კი გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს.
„კვლევის შედეგად დგინდება, რომ გივი თარგამაძის ოჯახს 85 000 000 ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული. შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპი“ დაფუძნებულია 2003 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, სანაპიროს N 14-ში. კომპანიის 15%-იან წილს გივი თარგამაძის ძმა, ზაზა თარგამაძე ფლობს, რომელიც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფირმის საქმიანობის სფერო მშენებლობა და სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. 2005-2012 წლებში, კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 60 000 000 ლარს აჭარბებდა. შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპსა“ და შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში, მიღებული შემოსავალი 12 840 051 ლარი იყო. კომპანია „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს“, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში, მიღებული აქვს 2 324 780 ლარი.
„პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს“, 2010-2013 წლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ეროვნული ბანკისთვის შესრულებული აქვს 22 000 000 ლარის სამუშაოები. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2012 წელს, კახეთში, სტიქიის დროს დაზიანებული სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოებიც ამავე კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც 300 556 ლარი მიიღო. მონიტორინგის წარმოების დროს, ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო კომპანიებმა: შპს „მილკი ვეი“, შპს „ირაო არტი“ და შპს „კალანდა“, რომელთა ხელმძღვანელები და დამფუძნებლები გივი თარგამაძის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები არიან. კერძოდ, შპს „მილკი ვეის“ დამფუძნებელია კონსტანტინე მიქელაძე, რომელიც გივი თარგამაძის მეგობარი და ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.
,,მილკი ვეი“ 2010 წლის 16 ივლისიდან ფუნქციონირებს, საქმიანობის სფერო ტკბილეულის, რძისა და შოკოლადის ნაწარმის უკრაინიდან საქართველოში იმპორტია. 2010-2013 წლებში, კომპანიის ჯამურმა ბრუნვამ 20 000 000 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება შპს „ირაო არტსა“ და შპს „კალანდას“, მათი დამფუძნებელი პარლამენტარის ძმა, ზაზა თარგამაძეა, რომელიც კომპანიაში 30%–იანი წილის მფლობელია. ,,ირაო არტი“ 2007 წლიდან, წარმატებით საქმიანობს არქიტექტურის, პროექტირების, რეკონსტრუქციისა და დიზაინის ბაზარზე. 2007-2012 წლებში, საწარმოს ჯამური ბრუნვა 1 350 551 ლარი იყო. შპს „კალანდა“ 2009 წლიდან საქმიანობს, რომლის ჯამური ბრუნვა 1 196 571 ლარი იყო“,- განაცახადა კაიკაციშვილმა გაზეთ „ვერსიასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები