“დღეს მხოლოდ სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე მიმდინარე ამბებს განვიხილავთ” – ერგნეთში შეხვედრა დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მოადგილე ირაკლი ანთაძე ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე კომენტარს აკეთებს.
როგორც მან აღნიშნა, დღეს შეხვედრაზე სასაუბრო მხოლოდ სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები იქნება.
“შეხვედრა არის ტექნიკური, დღეს მხოლოდ განვიხილავთ სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, ვინაიდან ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი მათ პირდაპირ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლისა და მიზეზის გარეშე, პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს, ჩვენ ამ საკითხს ამ კონტექსტში აუცილებლად დავაყენებთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რაც უკავშირდება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ სერვიზს თუ სხვა, მიუღებელია იყოს ვაჭრობის საკითხი”, – განაცხადა ანთაძემ.
მისივე თქმით, ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იგი გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში.
“მისი ერთდერთი დანიშნულება არის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა”,- აღნიშნავს ანთაძე.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ერგნეთში მიმდინარე შეხვედრების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ფორმატი ფუნქციონირებას გააგრძელებს, სანამ რაიმე კონკრეტული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი
“სხვადასხვა გამოგონილი მიზეზების გამო დე ფაქტო რეჟიმების მიერ ხდებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეჩერების მცდელობა, მაგალითად შარშან განვითრებული მოვლენები შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ხდებოდა ამ ფორმატის შეჩერების მცდელობა, ორივე მიმართულებაზე, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთზე შეჩერდა ეს ფორმატი, ცხინვალის მიმართულებაზე აღდგა 2018 წლის დეკემბრის თვიდან, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთზე დღემდე ფორმატი შეჩერებულია, ნებისმირი არგუმენტი რაც შეიძლება მოყვანილი იყოს იმის გასამართლებლად, რომ ფორმატი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს, სანამ რაიმე კონკრეტული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი, არის უკიდურესად დესტრუქციული”,- აცხადებს ანთაძე.
მისივე თმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ დიალოგი აუცილებელია.
,,ყველა ამ შეხვედრაზე ყველა მონაწილემ დააფიქსირა პოზიცია, რომ დიალოგი აუცილებელად უნდა განვაგრძოთ, დიალოგის რესურსი არის, ცენტრალური ხელისუფლების არგუმენტები ცნობილია, ეს საკითხი იქნება დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზეც, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება”,- აცხადებს ანთაძე.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეხუთე ტექნიკური შეხვედრა იმართება.