სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესის განსაზღვრის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.

დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები