ყოფილი მეუღლისა და ყოფილი სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლისა და ყოფილი მეუღლის დედის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, საღამოს საათებში კი მ.ც.-სთან და ვ.ე.-სთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც მ.ც.-ს და ვ.ე.-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა.

რამდენიმე ხანში ვ.ე.-ს გაეღვიძა, მან გაზის სუნი იგრძნო, რის შემდეგაც დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები