მარტვილის მე-2 ბაგა-ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა

მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელი მოიწამლა, ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც „რეგიონულ კვირას“ მარტვილის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირმა გაბისონიამ უთხრა, ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისვე ინფორმაციით, როგორც სასმელი წყლის ასევე მზა პროდუქტების ლაბორატორიული ექსპერტიზა დაინიშნა.
„მარტვილის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში 19 ბავშვის მოწამვლის ფაქტს გიდასტურებთ. ყველა მათგანი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. გადასხმები გაუკეთდა ყველას და უკეთესობა ნამდვილად გვაქვს. ბავშვებს თავიდან ჰქონდათ ძლიერი პირღებინება, თუმცა საგულისხმოა, რომ საუზმეს გარდა ზოგ მათგანს არაფერი ჰქონდა ნაჭამი და სადილის ჭამა ნაწილმა მათგანმა ვერც მოასწრო, ნაწილმა კი ჭამა. გამოძახებული გვყავს ყველა შესაბამისი სამსახური: წყლის ლაბორატორიული კვლევა, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო“,- განმარტა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. მათი ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში შევიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში ინსპექტირებას ატარებენ, ასევე, აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები