აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს განცხადებით მიმართეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება.

“თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭრის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რისკის ქვეშ დადგა, თუმცა უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე არხმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება მოახერხა.

ეს იყო ურთულესი ექვსი თვე და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჟურნალისტებისთვის. ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა ხელისუფლების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ღია თავდასხმის, დისკრედიტაციის მცდელობის მოგერიება. დირექტორის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენ მეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება. ახლა განსხვავებულ ვითარებაში ვიმყოფებით და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს.

დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი განაცხადების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, ოთხი საათით ადრე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე – კობა გოცირიძე სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩელის განცხადებით და არ გაითვალისწინა ის რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს განცხადება არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსზე მიუთითა. ასეთი პრაქტიკა ჩვენი აზრით შერჩევით სამართალზე მიუთითებს. მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში პოლიტიკური ძალების ინტერესი იგრძნობოდა.

მეოთხე კონკურსი შესაძლოა შედეგით დასრულებულიყო, რადგან მრჩეველთა საბჭოს ნაწილმა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა არ გამორიცხა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება, ახალი მრჩეველთა საბჭო კი რომელშიც ქართული ოცნების კვოტით შევა ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ იქნება ლოიალურად განწყობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭრის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცენდენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს ატარებდეს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება. სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე მოგმართავთ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში. ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში არ აღმოჩნდეს”,- ნათქვამია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები