“ევროპულ საქართველოში” სააკაშვილის განცხადებას გაუგებარს უწოდებენ
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით გაუგებარს უწოდებს.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ბიძინა ივანიშვილი ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ.
„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ივანიშვილთან ბრძოლისას პროდასავლური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთი ფორმით თავს არ დაესხან. უნდა იყოს პოლემიკა და დებატი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთის გაკრიტიკება ლეგიტიმურად მიგვაჩნია. მაგრამ ისეთი, რბილად რომ ვთქვა, პოპულისტური და გაუგებარი შინაარსის პიროვნული თავდასხმა, როგორიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, გაუგებარია და რა თქმა უნდა, აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ ივანიშვილი“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. როგორც სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, “ყველაფერს, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”.