ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს
“ნაციონალური მოძრაობა” დავით ზალკალიანისგან ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით ითხოვს, თუ რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატთან, კონკრეტულად, რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკების როგორც დანიშვნა, ისე მისი შედეგები.
საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თვლის, რომ ზალკალიანის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ საქართველოსთვის წამგებიანად დასრულდა.
,,ეს შეხვედრა დამთავრდა არა მხოლოდ უშედეგოდ, არამედ საქართველოსთვის წამგებიანად. რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გზავნილი არჩევნებში ხელშეწყობის თხოვნა იყო”,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
ამავე პოზიციაზეა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავაც. უგულავა მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.
,,ზალკალიანი გვეუბნება, რომ საუბარი იყო დეოკუპაციაზე, ლავროვი ცინიკურად დასცინის მას, რაც ცალკე პრობლემაა. ამ შეხვედრას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს. რუსეთი, როგორც ჩანს, აპირებს დაეხმაროს ივანიშვილ-გახარიას რეჟიმს”,- აღნიშნა გიგი უგულავამ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა, როგორც თანამოაზრეებთან, ისე მტრებთან შეხვედრა. ცქიტიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვების დასმას შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სამი დღის წინ შეხვდა.