დავით ბაქრაძე: შემოდგომაზე „ევროპული საქართველო“ საპენსიო რეფორმას წარადგენს
„ევროპული საქართველო’’ შემოდგომაზე საზოგადოებას საპენსიო რეფორმას წარუდგენს, სადაც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა და დღევანდელი პენსიონერებისთვის პენსიის 50-ლარიანი ზრდა იქნება გათვალისწინებული”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში, ვახტანგ გულორდავას ოჯახში პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბაქრაძე ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემებსაც გაეცნო. როგორც პენსიონერები დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, 200-ლარიანი პენსია მედიკამენტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე არ ჰყოფნით. გაუსაძლისი პირობების გამო კი უმრავლესობას კრედიტი აქვს აღებული. დავით ბაქრაძის განცხადებით, ’’ევროპული საქართველო’’ შემოდგომაზე წარმოადგენს საპენსიო რეფორმას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ასევე, დღევანდელი პენსიონერებისთვის 50 ლარით პენსიის გაზრდა.
„მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს აძლევს დღევანდელ პენსიონერს, რომელსაც სულ უფრო და უფრო უჭირს ცხოვრება, გაძვირებული და გაზრდილი ფასების ფონზე. შემოდგომაზე ’’ევროპული საქართველო’’ წარმოადგენს საპენსიო რეფორმის ახალ გეგმას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ასევე, დღევანდელი პენსიონერებისთვის პენსიის შემდგომი ნახტომისებური ზრდაც. ეს არის აუცილებელი, იმ ფონზე, როცა ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება, პროდუქტი, მედიკამენტი, არსებობისთვის საჭირო პირველადი მოხმარების საგნები. დღეს პენსიონერები და ასაკოვანი ადამიანები იმყოფებიან განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მათი მიხედვა და პენსიების გაზრდა უნდა იყოს სახელმწიფოს აუცილებელი პრიორიტეტი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.