გიორგი კახიანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე – კითხვები აღარ უნდა ჩნდებოდეს იმაზე, თუ ვისი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა
„კითხვები აღარ უნდა ჩნდებოდეს იმაზე, თუ ვისი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია ,,იმედის” „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა
.მისი თქმით, შვეიცარულმა მხარემ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ შვეიცარული მხარის განცხადებას, რომელმაც ამის შესახებ ოფიციალურად გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს შეხვედრა იყო მათი ინიციატივით და ორგანიზებით წარმართული“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შანსი, რომელიც ჩიხური დგომარეობიდან გამოყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.
„ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესების პარალელურად ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ ცალსახაა მათი დამოკიდებულება ასეთ შეხვედრასთან მიმართებაში. ეს დააფიქსირეს როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაეროს გენერალური ასამბლეის მდივანმა, ეუთოდან, ევროკავშირიდან იყო ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები. ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა ჩვენი მხრიდან, მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ის მიზანი, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნებისმიერი საშუალება ამ მიმართულებით არის სწორი და მისასალმებელი“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.