არჩილ თალაკვაძე: ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა – ოკუპაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ დიპლომატიური გზით მოგვარდეს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რასაც ოკუპაცია ჰქვია. მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები მხარს გვიჭერენ, რათა დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ ნომერ პირველი გამოწვევა, რაც არის ოკუპაცია. ეს განიხილება როგორც შესაძლებლობა, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით, სცადოს იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული და ყოველწლიურად აუარესებს ჩვენი მოქალაქეების, აფხაზი და ოსი დების და ძმების ცხოვრების დონეს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სამართლის თანახმად, ჩვენი ტერიტორია უკანონოდაა ოკუპირებული და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ დაშვებით ვმონაწილეობთ ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს არა რუსოფობიასთან, არამედ უსამართლობის განცდასთან, რომელიც წლებია გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით.
„რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, აქ არანაირი რუსოფობია, არანაირი სუბიექტური მიდგომები არ არსებობს და საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რაც ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართალი აქვს დარღვეული და უკანონოდ ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. შესაბამისად, აქ არის ელემენტარულად, იმის განცდა, რომ უსამართლობა გრძელდება უკვე წლების განმავლობაში და გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ეს რუსეთის სახელმწიფომ უნდა გაითავისოს. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო მალე მოგვარდება ოკუპაციის პრობლემა და კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის.
საქართველოს ეკონომიკაზე ზეწოლა ვერ მოხდება მხოლოდ ფრენების შეზღუდვით, ან სხვა ბერკეტების საშუალებით, რადგან ჩვენ ვართ უფრო მეტად ინტეგრირებული მსოფლიო ბაზრებზე, გვაქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა, უფრო დამოუკიდებელი ენერგეტიკა და ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ საქართველო თავის ეროვნულ ინტერესებს ოკუპაციასთან მიმართებაში არ დათმობს, არანაირი სხვა სიკეთის ფასად. ამავე დროს, ჩვენ არ ჩავერთვებით არანაირ პროვოკაციაში და არ მივიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს, რომელმაც შეიძლება ჩვენი მოქალაქეები დააზარალოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.