ვანის ქვაბების კვლევისა და მონიტორინგის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთის საფუძველზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრის მიერ დასრულდა ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მდგომარეობის გადაუდებელი კვლევისა და მონიტორინგის სამუშაოების პირველი ეტაპი.
ეკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაკვირვებისა და სამეცნიერო კვლევის საჭიროება განპირობებული იყო მისი კრიტიკული მდგომარეობით და მიმდინარე ნგრევითი პროცესებით, რაც დღემდე საფრთხეს ქმნის ძეგლის მთლიანობისა და ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის.
ანგარიში მომზადდა „ვანის ქვებების“ კომპლექსზე იტალიელ სპეციალისტებთან ერთობლივად განხორციელებული საველე და ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და კლდის განსაზღვრულ კრიტიკულ უბნებზე მიმდინარე დეფორმაციების გეოდეზიური მონიტორნგის სქემის მომზადებას ითვალისწინებს მიზნად.
„ანგარიშში მოყვანილია საკვლევი არეალის წინასწარი დახასიათება, რომლის მიხედვით დასტურდება მიმდინარე ეროზიული და ტექტონიკური პროცესების მიზეზით კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დასუსტებული ქანების მკვეთრი რეაგირება კლიმატური პირობების ცვლილებებზე და სეისმურ ბიძგებზე. 2 წლიანი შესწავლის საფუძველზე ძეგლზე გამოვლინდა სხვადასხვა მასშტაბის ჩამონგრევისა და ვითარების გაუარესების ფაქტები. პირველი
კრიტიკული არეალი იდენტიფიცირებულია ძეგლის ფასადზე, მოქმედ
ეკლესიასთან ახლოს, სადაც ვულკანური ქანის დაცურების აქტიური პროცესის მიზეზით 15 კუბური მეტრი მოცულობის კლდოვანი მასა შესაძლოა მთლიანად ჩამოინგრეს. მეორე კრიტიკული უბანი განლაგებულია ძეგლში გამავალი ტურისტული ბილიკის ბოლო მონაკვეთზე, რომელიც ფრაგმენტირებული ქანის ბლოკების დაგროვებითა და მასიური ქთაცვენით ხასიათდება.
ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ილიაუნის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრის მიერ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადდება გამაგრების სპეციფიკური დიზაინი და გამაგრებითი სამუშაოების პროექტი, რაც ვანის ქვაბების კლდის მასივის კრიტიკული უბნების დაანკერების მეთოდით კონსოლიდაციას და დამცავი კონსტრუქციების მონტაჟს მოიცავს. სამუშაოების განსახორციელებლად მომზადდება შესაბამისი ხარაჩოების დიზაინიც.
ვანის ქვაბებზე იდენტიფიცირებული ძირითადი გეოდინამიკური საფრთხეების შემცირების გრძელ და მოკლევადიან ფიზიკურ ღონისძიებებთან ერთად, სამომავლოდ გატარდება არაფიზიკური ღონისძიებებიც, რაც სპეციალური დაკვირვების ელექტრონული სისტემის ინსტალაციას და მონიტორიონგის განხორციელებას გულისხმობს. გაკონტროლდება ძეგლზე ქანების მოძრაობა, რაც თავის მხრივ პრევენციული შეტყობინების დატვირთვასაც შეიძენს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გასულ წელს ჩატარებული კვლევების შემდეგად ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის დაიხურა. მიმდინარე წელს განხორციელებულმა განმეორებითმა შემოწმებამ გეოდეზიური პროცესების რეგრესი ისევ დაადაასტურა, რაც ქვათაცვენის ახალი უბნების გაჩენით გამოიხატა.
ვანის ქვაბები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კლდეში ნაკვეთი ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ნომინირებული ვარძია-ხერთვისი – ოლოდას კულტურულ ლანდშაფტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები