გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა იყო უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს უსმენენ პარლამენტის წევრებმა კითხვა დაუსვეს გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არაერთი შეკითხვა დავუსვით მე და ჩემმა კოლეგებმა მამუკა ვასაძეს. მათ შორის გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა ჩემის აზრით, სრულიად უსამართლოდ. შიდა კანონმდებლობა იძლეოდა შესაძლებლობას ბიძინა ივანიშვილს არ ჩამორთმეოდა მოქალაქეობა. ეს გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იქნებოდა. მოსამართლეობის კანდიდატის პასუხებით ჩემი მოსაზრება ამ საქმეზე არ შეცვლილა – ეს იყო აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომლითაც სახელმწიფოს მიტაცებაც, სისტემური უსამართლობაც და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაც დასტურდება”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს ძალიან კარგად იცოდა საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც.
„სხვა შემთხვევაში თავის მიღებულ გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებდა, კანონმდებლობას არ შეცვლიდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს არ დართავდა არჩევნებში

მონაწილეობის უფლებას. ამით, მან მაინც აარიდა თავი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, ირიბად, სხვა გზა მოძებნა, რომ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

​მისი თქმით, 2004 წელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იმ დროს რუსეთის მოქალაქე იყო, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და ამით სახელმწიფომ მას ფაქტობრივად და მკაფიოდ უთხრა მას, რომ აქვს ორმაგი მოქალაქეობის უფლება.

„მაშასადამე, მას შეუძლია ჰქონდეს საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეობაც. ამის შემდეგ, მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობაც. 2011 წლამდე მისი მოქალაქეობის სტატუსები არ გამხდარა სადავო და 2011 წლის 7 ოქტომბერს, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ერთვებოდა, ოთხ დღეში − 11 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ეს საქმე განიხილა სასამართლომ, კერძოდ, მოსამართლე შოთა გეწაძემ და მან ძალაში დატოვა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

​მისი შეფასებით, ეს საქმე სამართლებრივად არ იყო დასაბუთებული შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
• საქართველოს იმ დროს მოქმედი კონსტიტუცია უშვებდა, რომ პირს ერთდროულად სხვა ქვეყნ(ებ)ისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონოდა იმ შემთხვევაში − თუ ამ პირს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებდა პრეზიდენტი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო ან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან, კანონმდებლობაში სიტყვა “ორმაგი” ნიშნავს საქართველოს და სხვა ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეობის სტატუსებს, ამიტომ, ცნებები „სამმაგი” ან „ოთხმაგი” არსად წერია და არც უნდა ეწეროს – პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება თავისთავად გულისხმობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მან უფლება მისცა სხვა ქვეყნ(ებ)ის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო.

„აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა იყო უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს იყო სააკაშვილის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ველიდან განდევნის მცდელობა არჩევნების წინ. სასამართლოს მიერ, კი ამ გადაწყვეტილების დადასტურება და „აღიარება” – იყო მიკერძოებული”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები