არჩილ თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველო ნებისმიერ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული

„საქართველო, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დასაცავად დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრას.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მხარის პოზიციას, რომ დეოკუპაცია მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობიანი გზითა და საქართველოს პოზიციების პრინციპული დაცვით შეიძლება განხორციელდეს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია – რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ჩვენი პოზიციების პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი, რომ მომავალში ეს პროცესი განვითარდეს, დაფიქსირებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენდა.

რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებაში, გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. არ დავუშვებთ, რომ საქართველო რამე პროვოკაციაში იქნეს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის მიმართულებით. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან – დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ასე იყოს მომავალშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ შეხვედრაზე, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენი გზავნილი და პოზიცია იქნება იგივე – საქართველო მშვიდობიანი გზით, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, თავისი ეროვნული ინტერესების დაცვით, მონაწილეობს ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები