ირაკლი ბერაია: ქართული მხარე ყველა ფორმატს იყენებს, რაც ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს

„დიახ, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ. საგუშაგოების განთავსების და სხვა ინტენსიური უკანონო მოქმედებების შედეგად სიტუაცია უკიდურესად არის გამწვავებული, საქართველოს დელეგაციას გაეროში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შანსი უნდა გამოეყენებინა და მათ წინაშე ყველა ეს საკითხი მწვავედ უნდა დაეყენებინა”,- ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრას. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ყველა ის ფორმატი უნდა გამოიყენოს და ამას აკეთებს კიდეც, რაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.
„ეს შეხვედრა შედგა ჩვენს საერთაშორისო პრტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად და ამ შეხვედრის შესახებ მათ გააკეთეს შესაბამისი შეფასებებიც”,- აღნიშნა დეპუტატმა.
​ირაკლი ბერაიამ საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა.
​„პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ჯერ პრაქტიკულად რუსულ ჯარს შემოუძღვა საქართველოში, შემდეგ ისიც კი მოახერხა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართა და პირიქით, რუსეთმა დაასწრო მათ უშიშროების საბჭოში საჩივრის შეტანა, ჭკუის დარიგებას და კრიტიკას ნამდვილად ვერ მივიღებთ”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები