თამარ ჩუგოშვილი: ერთ-ერთ შეხვედრას მე და ეკა ბესელია ერთად ვესწრებოდით

ჩემი აზრი იყო ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატს ღია, გამჭვირვალე და რთული შერჩევა გაევლო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეების სკანდალური სიის შესახებ, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ჩუგოშვილის თქმით, მის პოზიციას ბიძინა ივანიშვილიც იზიარებდა.

“ის ფორმა, როგორიც იქნა შერჩეული და წარმოდგენილი იყო მიუღებელი, პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც დეტალურად გაწერდა პროცედურას და ღია, გამჭვირვალე და რთული შერჩევის გავლა მოუწევდა ყველა კანდიდატს, ეს იყო ჩემი პოზიცია ამ შეხვედრაზე, ამას იზიარებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც,”- განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიდის და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ ვინ როგორ გაუმკლავდება გასაუბრებას.

„სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრას მე და ეკა ბესელია ერთად ვესწრებოდით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. მე და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა. მთავარია, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიდის და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, გასაუბრებას, ვინ როგორ გაუმკლავდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები