“დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას ერთმანეთისთვის, ერთიანობისთვის“ – დევნილთა პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დევნილთა პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლელა გულედანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დევნილთა პარტია 2015 წელს დაფუძნდა და მისი ამოცანაა დევნილების საერთო ძალისხმევის მიმართვა სამაჩაბლოსა და აფხაზეთისკენ.
სამწუხაროდ, დღეს არც ერთი საჯარო უწყება არ დგას თავისი მოწოდების სიმაღლეზე და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ამ უმთავრეს ამოცანას. ვერცერთ სამთავრობო პროგრამაში, პრიორიტეტებში ვერ ნახავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციის საკითხებს, კონფლიქტების მოგვარებას, დევნილების ღირსეულ განსახლებას.
უფრო მეტიც, გაუქმდა დევნილთა განსახლების სამინისტრო.
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისია ყველაზე სუსტად არის წარმოდგენილი; ძალიან მწირი რესურსები აქვს შერიგების სამინისტროს;
აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკა კი სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ნათესავების დასაქმებას ემსახურება.
არც საერთაშორისო არენაზე არავინ საუბრობს საქართველოს თემაზე.
დემორალიზებული საზოგადოება დაიღალა უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი პოლიტიკის ყურებით, უუნარობით, ქვეყნის რეგრესით, ძალადობით, სუსტების ჩაგვრით, დაუცველობით, უსამართლობით, უიმედობით.
საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა სიღარიბიდან ამოსვლა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რომელსაც არ უჩანს პერსპექტივა.
დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ერთმანეთისთვის, ერთმანეთის მომავლისთვის, ნდობისთვის, პერსპექტივის განცდისთვის, ერთიანობისთვის.
დევნილთა პარტია მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ღირსეულად დაიცავს ამ ქვეყანაში ყველაზე სუსტი და დაუცველი საზოგადოების:
დევნილების და უსახლკაროების უფლებებს და მოწოდების სიმაღლეზე დააყენებს ქვეყნის გამთლიანების საკითხებს“- განაცხადა გულედანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები