“მოკავშირეების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ყოფილიყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ”

ირაკლი სესიაშვილი: დეოკუპაციაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე საუბრისას, ჩვენი ძირითადი პარტნიორების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია

დეოკუპაციაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე საუბრისას, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორების აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის გუშინდელ შეხვედრას.

მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღწევისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანი სიგნალები მივიღეთ პარტნიორებისგან, მათი შემოთავაზება იყო, გვქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია. ბუნებრივია ,არსებობს მკაფიო წითელი ხაზები და აქ კითხვის ნიშნები ვერასდროს დადგება, მაგრამ ეს კომუნიკაცია საჭიროა იმისთვის, რომ ყველა გზა გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების მიღწევისთვის, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელება. მოლოდინებზე საუბარი ნაადრევია. ეს რჩევა წამოსული იყო მოკავშირეების მხრიდან და მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ყოფილიყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ, არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები