შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დავით ზალკალიანისა და სერგი ლავროვის შეხვედრას სწორ ნაბიჯს უწოდებს.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანად, ომის გარეშე მოხდეს.
„საუბარი იმ ფორმატებში გაერო-ში მიღებული პრაქტიკაა. ჟენევაში ამასვე ვაკეთებთ, რომ პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ვიცით, რა საკითხებზე ვსაუბრობთ და რისთვის ვსაუბრობთ. ეს საკითხები იყო ზუსტად განხილული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გვქონდა. ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ და არ ვიქნებით, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოვებს ჰუმანიტარული პრობლემებისა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.
„ვგულისხმობ მიმდინარე ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, იმ მოქმედებებს, რომელსაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი რისკები აქვს და ქმნის ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას. ბუნებრივია, მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრით შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, არარეალისტურია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც შესაბამისად იქნა აღქმული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა