თეა წულუკიანი: ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა იყო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამგვარი შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის ინიციატორები, ასევე მედიატორები იყვნენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები, ასევე ჩვენი ევროპელი და სტრატეგიული პარტნიორების რჩევებიც ყოველთვის ამ მიმართულებით იყო, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო. დიდი იმედი მაქვს, ეს და სხვა ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ამ ქვეყანაში არის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება დეოკუპაციის მიზნებისთვის, ასევე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ უბრალოდ სხვა არც მიზანი გვაქვს და არც გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამთლიანების პროცესი.
თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური დაძაბულობა მაღალი ხარისხის, თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის ოჯახებში უმძიმესი მდგომარეობა და რომ საოკუპაციო ხაზი გადის ჩვენი ეროვნული უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის და სამომავლო დეოკუპაციის მიზნებზე, ვინც ამას ვერ ხედავს, ვფიქრობ, ძალიან ცდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები