საქართველოში აშშ-ის საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება.
როგორც საელჩოს Twitter-ის გვერდზეა აღნიშნული, აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და დაძაბულობა შეამციროს.
„საქართველოში ამერიკის საელჩო საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრას მიესალმება, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა 26 სექტემბერს ნუი-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.