თამარ ჩუგოშვილი: ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა

„ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩუგოშვილი პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხმდარ ინციდენტს ეხმაურება:

„რამდენიმე წინადადება გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

1. პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.

2. ცალკე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის თემა. ჯერ კიდევ დეკემბერში და მას მერეც უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ეს თემები იხილებოდა, ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც, ჩემი მრავალი კოლეგისთვის მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის, რომ სია ჩავარდა ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის.

3. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა, რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ.

4. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით.

ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული, ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვანო ზარდიაშვილის კომენტარს ეკა ბესელიას მიმართ დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ის ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

ეკა ბესელიას სხდომა მანდატურმა დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები