დავით ზალკალიანი: სერგეი ლავროვთან შეხვედრა ფორმატების ცვლილებად არ უნდა განვიხილოთ

სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება.

„ეს შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, ვთანხმდებით იმაზე, რომ რომ ფორმატები გრძელდება და ეს აღინიშნა, იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების კუთხით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის გარკვეული ცვლილებები წარმომადგენელთან დაკავშირებით და მე მივიღე რწმუნება, რომ ეს ფორმატები (ჟენევა და ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი) იმ ჩარჩოებში და იმ მექანიზმებში, როგორც აქამდე არსებობდა გაგრძელდება“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი და ეს შეხვედრა გვაჩვენებს, იქნება თუ არა კონსტრუქციული მიდგომები.

„ჟენევის უახლოესი შეხვედრა ოქტრომბრის დასაწყისში გაიმართება, საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ისე, როგორც იყო აქამდე, გვაქვს რწმუნება რომ რუსეთის მხრიდანაც იგივე დონე იქნება შენარჩუნებული. ეს პირველი შეხვედრაც გამოაჩენს, რომ თუკი მათი მხრიდან ჩვენ დავინახეთ, იმ თემატიკაზე, რაზეც არის ჟენევა დაფუძნებული შემხვედრი , კონსტრუქციული ნაბიჯები, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა და შესაძლოა, რომ ჩვენ ვისაუბროთ პროგრესზე“-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მომავალ გეგმებზე ან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები