ირაკლი ჩიქოვანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: გვქონდა კონსულტაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან

გვქონდა კონსულტაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან – მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გაეროში ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიას განუცხდა.

მისი განცხადებით, ქართული მხარის პოზიცია არის ცხადი, რომ მთავარი მიზანია, მოხდეს იმ ვითარების დეესკალაცია, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ.

„დღეს არსებული ვითარება არის უკიდურესად მძიმე და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი კარგად ხვდება იმას, რომ საჭირო იყო რაღაც მოქმედება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ასეთი კონტაქტი შემდგარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. შესაძლებლობებზე და შედეგებზე საუბარი ნაადრევი იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განცხადებებს, რომელსაც გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელი იქნება სიტუაციის დეესკალაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ვმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ნიუ-იორკში შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს კომენტარს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაცია შედგა და ეს კომუნიკაცია შედგა საერთაშორისო თანამეგობრობის ფასილიტაციით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამგვარი კონტაქტის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ დაძაბული ვითარებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ჟენევის ფორმატში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ. ჩვენი ყველა პარტნიორი ცხადად ხედავს, რომ ჟენევის ფორმატი არის პრაქტიკულად შეჩერებული და არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. სწორედ ამის ხელახალი გაძლიერებისთვის გვჭირდებოდა ასეთი კომუნიკაცია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნდათ,”- თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები